ფიქრებს ვაწამებდი თითქოს გოლგოთაზე,
კითხვა არ მაძლევდა არსაით გასაქანს,
ამირანს ვეწვევი, ქვეყნის ბოლო მთაზე,
მას ვკითხავ თუნდ ღმერთმა, მის გვერდზე მიმაბას...
მთას ფეხით შევდექი, ზეცამდე მივედი,
მიჯაჭვულს ვეძებდი მოკვდავის თვალებით,
მოსჩანდა ველები მშობელი ივერის,
ხმა ძლივსღა გავიღე - სათქმელი წვალებით...
ჩემდა გასაოცრად იქ არვინ დამიხვდა,
არც გმირი, არც ჯაჭვი, არც რამე ნარჩენი,
სევდა მომერია, გუნება წამიხდა,
მიზეზი ვერ ვპოვე კეთილად დარჩენის...
თუმცა გავიფიქრე რომ ჩემი ბრალია,
მოკვდავის თვალებით ვერ ვამჩნევ წამებულს,
რადგანაც მოვსულვარ თქმაც ჩემი ვალია,
შევძახე მთებისკენ, ცას ხიდად გადებულს:
დიადო ამირან!!! მოვსულვარ უვიცი,
კითხვა მაქვს, ამის თქმას დიდხანს ვერ ვბედავდი,
მე შენთან მოვსულვარ, პასუხი შენ იცი,
შენ ხომ სულ მარადჟამს მაღლიდან გვხედავდი...
წარსულის აჩრდილებს რად ვაკლებთ დიდებას?
რად ვეღარ ვაფასებთ წინაპრის ნაოფლარს?
ვეღარ ვცნობთ სამშობლოს, დაგვჯაბნეს დიდებმა,
უცხოზე რად ვყიდით ათასგზის ნაომარს...?
მიწა ხომ ვაჩუქეთ ქვეყანას გადაღმა,
ბუნება მივყიდეთ, არაბს თუ ირანელს,
ეს არის წინაპრის ვალების გადახდა
თუ ფულზე მივყიდეთ სამშობლო ტირანებს...?
წარსულის აჩრდილებს მოაკლდათ დიდება,
ნელნელა ვივიწყებთ გმირობას მადლიანს,
გასწირეს მეგრელი თავადი ფლიდებმა,
სამშობლო წაართვეს თვით ცოტნე დადიანს...
დავითის ხმალი ჰქუხს დიდგორის ველიდან,
შელოცვა არა სჭრის მაგის და იოგის,
თორნიკე ერისთავს არ თმობენ ერიდან,
ოლთისი დაუწვავს უშიშარ გიორგის....
სისხლით ვერ გამოძღა მტრის ხმალი მკვეთელი,
ქართველი დედები გლოვობდნენ დანაკარგს,
მათედ რომ ბიჭობდა მაია წყნეთელი,
ქალობა წაართვა სამშობლომ ჟანა დ'არკს...
წარსულის აჩრდილებს მოაკლდათ დიდება,
გავწირეთ სულები - ოდესღაც მძვინვარე,
სამშობლოს სახელს კი, ეხლა რომ ბინდდება,
წარსულში იცავდა გიორგი ბრწყინვალე...
წარსულს ვინც ივიწყებს დაკარგავს მომავალს,
სამყოფად ექცევა სიბნელე სამარის,
მსახური რომ კლავდა გოლიათ გორგასალს,
ქართველებს სისხლს ბანდა ცრემლები თამარის...
ბრძოლის წინ გმირები სამშობლოს ფიცავდნენ,
უღირსებს უსჯიდნენ საზღაურს, შალაბანს,
თუ ლაშა-გიორგის ერთისთვის კიცხავდნენ,
სამასი მეუღლე ართობდა შაჰაბასს....
მითხარი ამირან შენა ხარ მშველელი,
ხსნას ქვევით კაცთაგან მე უკვე არ ველი,
სად გაქრა იბერი მტრის ჯავრის მზღვეველი
სამართალს მოვითხოვ რიგითი ქართველი...
დავდუმდი... პასუხი მინდოდა გამეგო,
ვუცადე კიდევაც წუთები, წამები,
საათი გავიდა, სიცივე დამეტყო,
არავინ არ ჩანდა პასუხის გამცემი...
ვიდექი ცისა და ქვეყნის გასაყარზე,
და დიდხანს ვფიქრობდი ახალი ფიქრებით,
წარულის ტირილს და ფიქრებს დასაბამზე
ჯობდა რომ გვეცხოვრა მომავლის იმედით...
ნაღვლიან მუსიკას უკრავდნენ ქარები,
ყინულმა გარემო სითეთრით მოფინა,
უფალთან მებრძოლი, ჭაბუკის ზღაპრები,
ქართველთა მორიგი ზმანება ყოფილა...
შევატყე ოპტიმიზმს ნელ-ნელა ვშორდები,
ხორციელ ტკივილებს დავიხსნი მანამდე,
და თუ კი სიზიფემ ათრია ლოდები,
მე სევდა ვათრიე სამარის კარამდე...
...
0 კომენტარის დატოვება:
Post a Comment