temur shengelaia
მელანქოლია დათარეშობს წვიმიან ღამეს,
ფანჯრის რაფასთან დაუჩოქა მწუხარეს ძილმა,
შენ ალბათ იცი როგორ ვითვლი უშენო წამებს
მაგრამ არასდროს გაგიმხილე ამაყმა შვილმა...

ალბათ ის გახსოვს ბავშვობაში შორს იყავ როცა,
საბანში ჩაფლულს მიტირია სასთუმლის ველზე,
ახლა უშენოდ გავატარე ამდენი წელი
და საბანაკრულს მხოლოდ ფიქრი შემომრჩა შენზე...

ეხლაც ზეპირად მახსენდება რუსული ტექსტი
რომ არ ვსწავლობდი მიმაცემე ცრემლებით სავსე
კარგი ყოფილა ბავშვობაში ცრემლებით სწავლა
ბავშვობის ცრემლებს მოგონება ღიმილად აქცევს...

დედა, ღიმილით გამახსენდა სარკმელში მზირალს
პატარა ხელით რომ გადებდი საფენებს თავზე,
ახლა, სარკმელში ვიმზირები წვიმიან ღამეს
და წვიმა მიგრძნობს, როგორ ვდარდობ იმ გამქრალ წამზე...

დედა, თუ გახსოვს შენს ხელებში რომ მაძინებდი,
მეპარებოდი მერე ვიცი, მე ახლა ვხვდები
და როგორც იმ დროს გამეპარე მძინარეს მაშინ,
ისე მეცლება ხელებიდან ბავშვობის წლები...

დედა, ყოველთვის ხომ მიყვარდი, მიყვარხარ ახლაც
და მეყვარები სამუდამოდ სრულყოფილ ღმერთად,
როცა ნაოჭი გაგიჩნდება პირველი დედი,
ჩაგეხუტები და მე და შენ ვიტირებთ ერთად...

დედა, როცა მე არ ვიცოდი ჯერ კიდევ კითხვა
შენ მიკითხავდი და კითხვაში მაჩვევდი ღამეს,
როცა სათვალე დაგჭირდება პირველად დედი
თავად ავიღებ, წაგიკითხავ ათასგვარ რამეს...

დედა, ოდესღაც მე შენში ვიყავ და გვერქვა ერთი,
ერთად ვამსხვრევდით მარტოობის საზარელ მითებს,
მე ისიც მახსოვს მასწავლიდი პიანოს დაკვრას,
დო-დან დო-მდეც რომ ვერ ვაწვდენდი პატარა თითებს...

ვიცი გატკინე გული ბევრჯერ, მაწვება ახლა
ბევრჯერ სამოთხე შეგატოვე ბაღებად შლილი,
წავედი სხვაგან, მოვიარე ბოროტის ძალით,
მაგრამ ხომ მაინც დამიბრუნე უძღები შვილი...

დედა, შენ ალბათ ცრემლი მოგდის ამის კითხვისას,
მაგრამ შენს ცრემლად? არა! არ ღირს მიდნოდა მეთქვა,
მე შენ მიყვარხარ ეს იცოდე, გახსოვდეს მუდამ,
და შენ გეკუთვნის, ჩემი გულის ყოველი ფეთქვა...


...

0 კომენტარის დატოვება:

Post a Comment

Powered by Blogger.