ზამთრიდან უუუსასრულობამდე...
(ახალი ლექსი)
არაფერია, ღამღამობით ხელებგაწვდილი,
იესოს თუკი ვეხვეწები დილით არ წვიმდეს,
ღმერთს არ ეტყობა აწუხებდეს მკაცრი ამინდი,
რადგან თვით ღმერთიც არ ეტყობა ახლა ამინდებს,
ოქტომბერია, პერიოდი მიწა არ შრება და
წვიმებია არახშირი, მაგრამ ქარებად,
შენც წვიმასავით, ალაგ-ალაგ, დროგამოშვებით,
მწერ, მაშინ როცა, ეს სამყარო გეცოტავება..
თებერვალია და სიცივე ნელ-ნელა გვტოვებს,
ჩვენც პირველ გრძნობას ვეურჩებით და გავს ძალიან -
რომ შეიძლება ზამთრის პირას ვიდაოთ თოვლზე,
მაგრამ ბოლოს რომ მის გარეშე არ შეგვიძლია,
მარტის თვე სიკვდილს ახალშობილ კვირტებით ებრძვის,
აპრილის თვეც და ზამთრის სუსხი მოკვდა ან მოკლეს,
დღე უშენობით - რომ არ მინდა იმაზე გრძელი,
არის და შენით - რომ არ მინდა იმაზე მოკლე...
ფანჯრებთან თავი ჩამოიხრჩო აგვისტოს ღამემ,
თენდება, რაღაც უჩვეულოდ სექტემბრის დილა,
ხეები გარეთ უშველებელ ტოტების მკლავებს
შლიან და შიგნით ჩემს ხელებში ბავშვურად გძინავს.
ნოემბრის მერე აცივდება, იცი რომ გეტყვი,
თოვლიან თითებს მე გაგითბობ ჩემი ბაგიდან.
დღეს დეკემბერში ერთად უნდა გვეარა ჩვენ კი
სიცივის თვეში ახლო-ახლო ყოფნის მაგივრად
დავდივართ თოვლში არა ერთად არამედ ერთნი.
მიყვარხარ, რაღა დავამატო გავიდა წელი,
ქალაქში ახლაც სიცივეებს ზამთარი ძერწავს
ქალაქში ახლაც შეყრილ ღრუბლებს ზამთარი წველის.
ისეა ისევ, (როგორც წინათ) თბილისში ბარდნის,
თუმც განსხვავდება მიზეზები და ვითარება:
შენ წინა ზამთარს მოხვედი და ჩემს გულში დარჩი
და სამუდამოდ გადაიდო გამოზამთრება!
0 კომენტარის დატოვება:
Post a Comment