Temur Shengelaia
ისევ უსახლკარო ღრუბლები და
მთვარე კახპასავით გაცრეცილი,
როცა შენთან მოსვლის ცდუნებიდან,
ერთი ნაბიჯია დარჩენილი:
შენი ბავშვის სახით მელანდები,
გარეთ ძაღლისფერი ფერებია,
ყველა მუქი კალმის მელანები,
თითქოს შეღამებას შერევია...
გულში ფიფქებივით მომეფანტე,
ტუჩის დასველებით შენ რომ იცი
ახლა ისე ძლიერ მომენატრე,
ტანზე უშენობა შემოვიცვი...
ცდილობს შემოდგომა გადარჩენას,
გარეთ ფერებია მეძავური
ისე ვერ შევძლებ შენს გადაჩვევას,
როგორც თევზისჭერას მებადური...
ღამე მარტოობამ გაიტანა,
ცაზე დაგლეჯილი ღრუბლებია,
რადგან იქ წახვედი საიდანაც,
ალბათ აღარასდროს ბრუნდებიან...!



...

0 კომენტარის დატოვება:

Post a Comment

Powered by Blogger.