temur shengelaia
მახეს დამიგებენ ვიღაც ვერაგები,
ლოყას მიამბორებს ვიღაც გავერცხლილი,
ნამუსს დაემსგავსა ჩემი პერანგები,
უკვე ძველმოდური, თანაც გარეცხილი...

თითქოს გაიწელა ღამე გარმონივით,
დილა დაუპყრია ეშმათ ანათემას,
წყვდიადს გაუხდია რაღაც სამოსივით
ბინდად ჩაკვდომია სულში განათებას...

ახლა გულწრფელობა სადღაც ჩვენში ჩაკვდა,
თითქოს ვნება იხდენს ტანზე გრძნობის ნაცმევს,
მხსნელად მომიხმე და ის კი დაგავიწყდა,
მხსნელი ერთი იყო, ისიც ჯვარს რომ აცვეს...

ისევ მომაკითხა ფიქრით შავმა წერომ,
მინდა მოვიარო უცხო ნაპირები,
ასე გვიან ღამე მხოლოდ მისთვის გწერ რომ
ქარი არ მაძინებს დედანატირები...

ძარღვებში ბუცეფალს ვნება დააჭენებს,
ნერვებად დაჩაგრავს ულაყებს საომარს,
გულს? გულს გახელებულს რაღა დაასვენებს
გაყინულ ძარღვებში სიზიფე დაგორავს...

ირგვლივ სიჩუმე და სურნელი ღალატის,
შიშველი აზრები როგორი მრუდეა,
შემმოსეს თეთრებმა გიჟების ხალათით
და სადღაც ჩემს ქვემოთ გუგულის ბუდეა...

თითქოს გარდაცვლილა ჩვენში ყველა გრძნობა,
თითქოს ცისფერი ცა გულით ნაკოდია
და ეს თანდართული რაღაც ცივის დნობა,
ალბათ სიყვარულის ბოლო აკორდია...

მახეს დამიგებენ ვიღაც ვერაგები,
ლოყას მიამბორებს ვიღაც გავერცხლილი,
ნამუსს დაემსგავსა ჩემი პერანგები
უკვე ძველმოდური, თანაც გარეცხილი...


...

0 კომენტარის დატოვება:

Post a Comment

Powered by Blogger.