temur shengelaia
შენგან გულმოკლულს სიზმრად მაინც მერქმევა ლოთი,
მოლანდებები დამეწყება ჩეშმარიტ დამლევს,
ვამჩნევ კიდევაც ჩემს გარშემო გამიჯნულს დროთი,
ვიღაც მეძახის, ვინ არის ნეტავ? ვაცეცებ თვალებს...

ჩიბუხს ვაბოლებ, ულვაშიც მაქვს, ღვინოსაც ჩავცლი,
მსოფლიო ფრონტი სისხლიანმა ბელადად ვნახე,
რიგით ჯარისკაცს გენერალზე არასდროს გავცვლი,
მთვრალმა შევიცან საკუთარ თავში სტალინის სახე...

ქვიშის საათი სულს ღაფავს დარდით, იცლება ჩუმად,
გავუცნაურდი, დავრჩი მარტო უცნობი იქსი,
პირამიდები საჭორაოდ დავსვი და დუმან,
ღამე სიზმარში მთვრალმა ავაგე ეგვიპტის სფინქსი...

კვლავ მესიზმრება, მსახიობი ვარ ვცემე დუბლიორს,
დაძაბულობა მოთმენის უნარს საწყისში ახვევს,
მსახიობი ვარ, არ ვიცი ტექსტი, ვეძებ სუფლიორს,
და დრამატურგი გაცოფებული პიესას დახევს...

სიზმარში ვხედავ უაზრო ლანდებს, მთვრალი ვარ ისევ,
თეთრი ცხელება შემეყარა შენგან დარდიანს,
ხელი მოვკიდე თაფლის ქოთანს და ფუტკრებს ვისევ,
უგონოდ მთვრალმა როლი მოვპარე ცოტნე დადიანს...

შენზე ფიქრების მკრთალი ნათება უკვალოდ ქრება,
ნისლიან დილას დავმარცხდები ძილთან ბრძოლაში,
დიონისესთან ჩემი ლანდი სიზმარში თვრება,
მთვრალმა ვაცდუნე ზევსის ნიმფა ღამით ოთახში...

მოგონებები ჩაინთქმებიან ნისლიან დილას,
ღამენათევის დაილევიან ფუჭი ფიქრები,
ოდესღაც ფხიზელ შენდამი გრძნობას მკვდარივით სძინავს,
გაივლის ჟამი და მოგონებად გარდაიქმნები...


...

0 კომენტარის დატოვება:

Post a Comment

Powered by Blogger.